მარკ ბენეტსი: „ნავალნი ნანობს იმ სიტყვებს, რაც ქართველების დასახასიათებლად გამოიყენა“

„რუსეთის გამყიდველი“, „დასავლეთის აგენტი“ თუ პუტინის პოტენციური მემკვიდრე?

„ორი აზრი არ არსებობს, რომ მას ნაციონალისტური წარსული აქვს“

 „რამდენი რუსისთვის აღმოჩნდება ეს უხამსობამდე მისული სიმდიდრე ის ბოლო წვეთი, რომელიც მოთმინების ფიალას აუვსებს?“

„რუსი პაციენტის“ ისტორია გრძელდება – რუსეთში დაბრუნებული ალექსეი ნავალნი აეროპორტშივე დააკავეს –  ოპოზიციონერს, რომელიც კრემლის მთავარ თავის ტკივილად იქცა, 3,5 წლით პატიმრობა ემუქრება. 23 იანვარს, რუსეთში, ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით, ქუჩას ათიათასობით ადამიანმა მიაშურა, რასაც რუსულმა პოლიციამ ჩვეული სვლით – ძალადობრივი დარბევით უპასუხა და 3000-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა. როგორ გაგრძელდება ეპოპეა ნავალნიზე, რას უნდა ელოდოს მისგან დასავლეთი და როგორ იქნებოდა ნავალნის რუსეთი, თუკი ის ოდესმე მართლაც მოახერხებს ქვეყნის სათავეში მოსვლას – ამ თემებზე ბრიტანული „თაიმსის“ მოსკოვის კორესპონდენტს, მარკ ბენეტს ვესაუბრეთ.

რუსეთში ვხედავთ, რაც მოხდა, მაგრამ რამდენად დიდი მოვლენა იყო ნავალნის დაპატიმრება დასავლეთში?

– ამ ბოლო მოვლენებმა ნავალნის ცნობადობა დრამატულად გაზარდა – ის ჯერ არ არის ჭეშმარიტი პოლიტიკური როკ-ვარსკვლავი დასავლეთში, მაგრამ ბევრიც არაფერი უკლია ასეთ სტატუსამდე. საგაზეთო სტატიების სათაურებში ადრე მას „ოპოზიციის ლიდერად“ ან კრემლის კრიტიკოსად მოიხსენიებდნენ, ახლა კი უბრალოდ წერენ – ნავალნი, და მოიაზრება, რომ შენ უნდა იცოდე, ვინ არის ის. ეს ყოველთვის დიდი პოპულარობის მანიშნებელია, და ამ პოპულარობაში ლომის წვლილი რა თქმა უნდა, მის მოწამვლასა და შემდგომ რუსეთში დრამატულ დაბრუნებას მიუძღვის. „კრემლმა X ნოვიჩოკით მოწამლა“ – ამაზე უკეთეს გზას ვერ იპოვით, თუკი დღეს გსურთ, ვინმე დასავლურ მედიაში ზეპოპულარული გახადოთ. ამის საპირისპიროდ, რუსეთში სამთავრობო მედია ძალ-ღონეს არ იშურებდა, რათა მაქსიმალურად მიეჩქმალა ჯერ მოწამვლის ფაქტი, შემდეგ კი დაბრუნების. თოქ-შოუებში მასზე საუბრისას იყენებენ ტერმინებს – „რუსეთის გამყიდველი“, „დასავლეთის აგენტი“ და ა.შ. კრემლის მედიის ერთ-ერთმა მთავარმა ქურუმმა, ვლადიმირ სოლოვიოვმა ნავალნის „ნაცისტი ნაგავი“ უწოდა. ის, თუ როგორ გაშმაგებით ცდილობს სამთავრობო მედია ნავალნი „გააშავოს“, რუსეთში მის მზარდ პოპულარობაზე მიუთითებს.

– და მაინც, რამდენად დიდია ნავალნის მხარდამჭერთა რიცხვი?

– ძნელი სათქმელია, რადგან რუსეთი უბრალოდ თავს იკატუნებს, რომ დემოკრატიული ქვეყანაა, სინამდვილეში კი რა თქმა უნდა, ეს არ არის რეალური დემოკრატია. ასე რომ, რაზე დაყრდნობით შეიძლება ნავალნის პოპულარობაზე ვიმსჯელოთ? დემოკრატიულ ქვეყანაში ამის გასაზომად კვლევებსა და გამოკითხვებს გამოვიყენებდით. მათზე დაყრდნობით, მხოლოდ 2 პროცენტს სურს, ნავალნი რუსეთის პრეზიდენტად იხილოს. ამავდროულად, როდესაც მას 2013 წელს მოსკოვის მერის არჩევნებში მონაწილეობა მისცეს, ოფიციალური მონაცემებითაც კი, ხმების თითქმის 30 პროცენტი აიღო. და ეს იმის ფონზე, რომ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით სერიოზული ეჭვები არსებობდა. ერთი რამ ცხადია: მისი საგამოძიებო რეპორტაჟები ზეპოპულარულია, მისი ბოლო ვიდეოგამოძიება, რომელიც პუტინის „საიდუმლო“ სასახლეს მიეძღვნა გელენჯიკში, იუთუბზე უკვე 86 000 000 მა ადამიანმა ნახა.

 – რა გავლენას მოახდენს ეს ვიდეო იმ რუსულ მითზე, რომ დიად ლიდერ პუტინს მატერიალური სიმდიდრეები არ ანაღვლებს და მხოლოდ რუსი ერის აღზევებითა და გაძლიერებითაა დაკავებული?

– გააჩნია, ვის კითხავთ. ოპოზიციისთვის ამ ვიდეოში ახალი არაფერი იყო. მათ ისედაც იციან რომ პუტინი კორუმპირებული რეჟიმის ხელმძღვანელია, რომელიც თვითონვე მანიის დონეზეა შეპყრობილი სიმდიდრის დაგროვების სურვილით. ნავალნისთვის მთავარი ისაა, პუტინის რამდენ მომხრეს, ან ნეიტრალურად განწყობილ ამომრჩეველს დააფიქრებს ამ ვიდეოთი, რამდენი რუსისთვის აღმოჩნდება ეს უხამსობამდე მისული სიმდიდრე ის ბოლო წვეთი, რომელიც მოთმინების ფიალას აუვსებს.

– აღიქმება თუ არა ნავალნი, როგორც ადამიანი, რომელსაც შეუძლია არა უბრალოდ პუტინი, არამედ რუსეთი შეცვალოს?

– ფაქტია, რომ რუსეთში ბევრისთვის ნავალნი პუტინის პოტენციურ მემკვიდრედ აღიქმება, და სურთ, რომ სწორედ მან ჩაიბაროს ხელისუფლების სადავეები. ის რომ კრემლი თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს, ფაქტია. ამას ხაზს უსვამს მათი დაუცხრომელი მცდელობები, ნავალნი დასავლეთის პროექტად წარმოაჩინონ. ვფიქრობ, კრემლში ნავალნის უფრთხიან – უბრალო ბლოგერის დასაკავებლად პოლიციის მთელ კონტიგენტს, ძაღლების თანხლებით, როგორც წესი, არ გზავნიან ხოლმე.

შეუძლია თუ არა მას თქვას, რომ დასავლეთი მის გვერდში დგას და მხარს უჭერს?

– ვფიქრობ, რომ ცალსახად ასეა. დასავლური მედია მის ქებას ვერ აუდის – მას მოიხსენიებენ გაბედულ ლიდერად, რომელიც დასავლეთის მხარდაჭერასა და დახმარებას იმსახურებს. საგულისხმოა, რომ ამ ეიფორიის ფონზე, ჯერ-ჯერობით არ ამოტივტივებულა მისი ნაციონალისტური წარსული, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს უბრალოდ დროის საკითხია. რაც უფრო მეტად შეიქმნება შთაბეჭდილება, რომ მას მართლაც შესწევს ძალა, პუტინი ჩაანაცვლოს, მით უფრო მალე ვიხილავთ ნარატივს, სადაც წარსულში მის მიერ გაკეთებულ არც თუ ისე სახარბიელო განცხადებებზე გაკეთდება აქცენტი.

– საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში ამ ნარატივს წამოწევა არ სჭირდება – ეს უკვე იქცა ფართო დისკუსიის საგნად. საქართველოში მწარედ ახსოვთ როგორ შეაფასა ნავალნიმ 2008 წლის აგვისტოს ომი და არც უკრაინელებს დავიწყებიათ მისი რეაქცია ყირიმის ანექსიაზე. დღეს, როცა ნავალნი დასავლეთის ფავორიტად იქცა, შეგვიძლია თუ არა ვიფიქროთ, რომ მისი მოსაზრებებიც შეიცვალა ამ თემებზე?

– კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებაში, მან ახლახანს განაცხადა, რომ ნანობს იმ სიტყვებს, რაც ქართველების დასახასიათებლად გამოიყენა, მაგრამ არ შეუცვლია მოსაზრება საკუთრივ ომზე. ორი აზრი არ არსებობს, რომ მას ნაციონალისტური წარსული აქვს – მაშინაც კი, როდესაც პუტინს ავანტიურისტული საგარეო პოლიტიკის გამო აკრიტიკებდა, მის კრიტიკას პრაგმატული საფუძველი ჰქონდა და არა მორალური – მას არ უთქვამს „სირიას რომ ვბომბავთ ცუდია, რადგან ამის გამო მშვიდობიანი მოსახლეობა, ქალები და ბავშვები იღუპებიან“.  მან თქვა „სირიის დაბომბვა ძვირი გვიჯდება და ამ თანხებით ჯობია ვორონეჟში, ან კიდევ სადმე სხვაგან გზები შევაკეთოთ“. მეორე მხრივ, როდესაც რამდენიმე წლის წინ ჰკითხეს, თუ როგორი წარმოედგინა მისთვის სასურველი რუსეთი, მაგალითად კანადა მოიყვანა. ხაზგასმით ამბობს, რომ დასავლური მმართველობის მომხრეა და რომ ნატოს რუსეთისთვის საფრთხედ არ განიხილავს, რაც რა თქმა უნდა, რადიკალურად განსხვავდება კრემლის დღევანდელი პოზიციისგან. სამართლიანობის გულისთვის ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საგარეო პოლიტიკაზე იგი განსაკუთრებულ აქცენტს არ აკეთებს, რადგან ამ ეტაპზე ეს არაა პრიორიტეტული მისი მიზნებისათვის.